вторник, 7 февраля 2012 г.

ჩემი ეპიტაფია

იდუმალებას დავეძებდი ყოველთვის რატომღაც.ეს ისე,ალბათ სულის ნუგეშისთვის.
ისე კი, ბობოქარი ცხოვრების ხალისიან დღეებს ვეტრფოდი.
    ღრუბლიანში,წვიმის წვეთებს სარკმლიდან უკეთ ვუთვალთვალებდი და სველ ასფალტს   ნიშნისმოგებით ვუცქერდი....თუმცა,როცა თავად აღმოვჩნდებოდი დაუფარავი,სველი, გრძელ გზაზე დამდგარი, ზიზღს ვგრძნობდი.ზიზღს,ენით გამოუთქმელს.
 ......ასეთი შემოვრჩი სიცოცხლის ახლა უკვე უხალისო დღეებს.ასეთი ვცდილობ დავიწყებას ძველი სილამაზის,რადგან ვიცი მსგავსი წლები არასოდეს განმეორდება.ჰოდა ახალს,ჯერ არნახულ, საკუთარი ფერებით ვაფერადებ და როცა ჩემივე ხელით და გონებით შექმნილ ნახატს თვალს გადავავლებ,ვხვდები,რომ ყველაფერი სიყალბეა!
     ...ქარაგმებით ნათქვამს,პირდაპირი, თუნდაც ჩამქოლავი სიტყვები მირჩევნია.ოღონდ ვიცოდე,რომ ეს სიტყვები სინამდვილეს უღებს კარს და ისევ ძველ,ხალისიან მოგონებებს მიღვიძებს....
     ტაძრის გუმბათზე,რომ ზარი დაიწყებს გუგუნს, განა არ მესმის?-უბრალოდ მგონია,რომ ეს ზარები ჩემთვის არ რეკენ!.დამთავრდა,მოკვდა,წავიდა. ათასი კითხვა,რომელიც უპასუხოდ მირჩება, ქარში იფანტება.ქარი ხომ არაფერს არ სცემს პასუხს....
        როგორი ნაოჭები დასტყობიათ ამ თვალებს.ერთ დროს დაწყებულ მელანქოლიას ახლა მეტად დაუსევდიანებია.ასეთი სევდა მომწონს ძალიან.მიყვარს კიდეც.სიყვარულის სევდა სხვა ყოფილა მაინც.
  შენ რომ ხატავდი ის ფერები მენატრებიან.მინდოდა მომებაძა,მეც შემექმნა ჯერ არნახული,ლამაზი ცხოვრების ტილო,თუმცა დავიბენი,ვერ ვიპოვე ვერც ერთი ხალისიანი ფერი.როგორ ვერ ვხვდებოდი,რომ ვერც ვიპოვიდი.ალბათ იმიტომ,რომ შენ ცხოვრებამ გიბოძა ისინი,მე კი,მე სხვა გზით წავედი შორს,ძალიან შორს.იქ,სადაც მუქი და ბნელია ყოველი დილა.ისეთი,როგორიც აქ ხანდახან იყო-წვიმიანში.
            დავმარცხდი! რათ მეკითხები ვის წინაშეო?შენს წინაშე.- განა არ იცი?!-არა! ალბათ საკუთარი მეს წინაშეც!ამდენი ბოდვა მომბეზრდა.მომბეზრდა უადგილობაც,ყველაფერი ის,რაც არასოდეს მღლიდა.ალბათ მაშინ ლაღი იყო თითოეული დღეც.
                       წლებით მონუსხული სულის ბოგინი ყველაზე საშინელი მოსასმენი ყოფილა თურმე....შენ ესეც გიყვარდა.მე კი არა!როგორი ამაყი და მედიდური მზერა მექნებოდა მაშინ,ათასი დღის წინაც.მთრთოლავი ხმა ხომ არასოდეს ჩამსმენია,- ახლა მესმის? ღიმილის მომგვრელია ყოველდღიური ყოფა,თუმცა ეს სხვებს უფრო აჯავრებთ
ვიდრე მე.
              ისევ შორს წასვლა მინდა.ძალიან შორს.იქ,სადაც ძალიან  სიმყუდროვე იქნება.ვიქნებით მხოლოდ მე,შენ და ჩვენი ნაოჭებით სავსე თვალები,ღრმა სევდით და შორეულის მონატრებით სავსე.
         აქ? აქ რას დავტოვებდი? -----------ძალიან პატარა,ხავსიან ქვას და ზედ ძლივს დატეულ მრავალ სიტყვას,რომელსაც ისევ ის, ჩემთვის საძაგელი წვიმა ოდესღაც ჩამორეცხს და გააქრობს.ნაკვალევთან ერთად წაიშლება ჩემი ეპიტაფიაც! 

Комментариев нет:

Отправить комментарий