среда, 9 октября 2013 г.

ამდენი ხნის შემდეგ...

პირველად,ამდენი ხნის შემდეგ,
ვხვდები ნოსტალგიას გზაში.
...აღარც არაფერი მხიბლავს,
ცრემლიც არ მაოცებს თვალში...

მხოლოდ ამდენი ხნის შემდეგ,
წვიმა მესიზმრება მწუხრში.
აღარც სიმყუდროვე მინდა,
აღარც სიყვარული გულში.

დღესაც,ამდენი ხნის შემდეგ,
ერთი მომეძალა ნატვრა:
მინდა ძველი დროის ხოტბა,
მინდა-დედაჩემის ნახვა.

როგორ? ამდენი ხნის შემდეგ
ისევ დაისველეს თმები?...
მიჭირს სიმარტოვის ახსნა,
რამდენ მოგონებას ვხვდები....

როცა, ამდენი ხნის შემდეგ,
ძალა აღმომაჩნდა ტრფობის,
გადარეულია განცდა,
აღარც სიყვარული მოდის....

პირველად ამდენი ხნის შემდეგ,
ვხვდები ნოსტალგიას გზაში,
აღარც არაფერი მხიბლავს,
ცრემლიც არ მაოცებს თვალში.

среда, 15 мая 2013 г.

მზე ჩადიოდა


მე დავინახე ატეხილი ქარის თარეში
და გავიგონე აძურწული ხეების მოთქმა.
მუზების ბუმი,ლაჟვარდოვან სილამაზეში,
ფეხით გათელა,არიალა-ვიღაცა ლოთმა.

მეგონა დამრჩა წინანდელი ღამის სიზმარი,
აუხდენელი შიში,ფიქრი უღვთო ღამისა...
ეს მომავალი რეალობამ თითქოს მაჩუქა...
უფალმა ღმერთმა სიყვარულიც გამიხალისა.

ო, თურმე არა! გზები ისე უღვთოდ ჩახერგა,
დანახულ ქარის,ატეხილმა რია-რიალმა,
თავის გაწირვა ვიცი,ისევ ისე,-არ მინდა!...
მონანიებამ შემარცხვინა,თუმცა:-გვიანმა.

მე გავიგონე,როგორ  თვლემდა ცის კიდეს მთვარე.
შუაღამის შუქიც დავინახე-აენთო ზეცას.
სიმყუდროვეში,მიჩქმალული ლამაზი სული
როგორ აჩუქეს,უმოწყალეს ვიღაცა მეძავს?!

უსამართლობის სუნიც მეცა.-შეწუხდა სული....
ვინ მითხრას ასე მოთმინებით წლები ვათიო.
...თუ მეც ასეთი გამოვდექი უფალო ღმერთო:
არ მომიტევო და ცოდვები არ მაპატიო.

...სასთუმალს აჩნდა გაცრეცილი ხელი ლანდივით.
ცვიოდა სეტყვა,ატეხილი ქარი კიოდა.
მოჩვენებაა ერთი ღამის,ერთი აჩრდილის.....
მე დავინახე ტკივილებით, მზე, ჩადიოდა.

(თავშეკავება)




ეკლებს დავუწყე დათვლა,
მრავლად მოსულან გულში.
ახლა ტკივილის ნაცვლად
სევდას მოვისვრი მწუხრში.


რა გაცვეთილი აღქმა
ან რა მზაკვარი ფიქრი,
სახეს დაუწყეს კაწვრა,
ზეცას დაეტყო ფითრი.

ნაფეხურს, ღრმას,- დააჩნდა
თითქოს წადილი ღამის.
შავად დაყრილი სევდა,
წამწამებს მოჰგავს მთვარის.

ჩამოუშლიათ თმები
ცის კაბადონზე ღრუბლებს.
ეკლებს დავუწყე დათვლა,
დროს,არ ვათვლიდი -წუთებს.

ლამაზ გარიჟრაჟს- ვინძლო....
რაღა მოვუყვე,რაღა?!
ისეთი გულქვა გავხდი,
ვეღარ ვიგრძენი დაღლა.

შრიალი მუხის კალთის,
ლოცვა ხმამაღლა წყდება.
ის,ვინც მიყვარდა,-მიდის.
ვისაც ვუყვარდი,-კვდება!

ნატვრა არ ვიცი რა არს,
როგორ ვისურვო მეტი?!
რაც კი რამ მქონდა გულში
მაინც მგონია ვერ ვთქვი.

ეკლებს დავუწყე დათვლა,
მრავლად დათესეს გუშინ....
ახლა, ტირილის ნაცვლად,
ცრემლებს ვიგუბებ გულში.

четверг, 25 апреля 2013 г.

მაისი

ჩემი მაისი,სხვა დარდებს
და ტკივილებს იტევს.
ფერებს არ ურევს ერთმანეთში,
სევდას არ იმჩნევს.
ჩემებურია.მარტოსული,
თითქოს მდიდარი,
ყვავილებივით გაფურჩქნული
გულს სატკივარი.
ჩემი მაისი,ერთადერთი
დრო და წამალი.
ვერ გაუგია სიცოცხლეში
რა არს მთავარი.
ამ დროში,ჩემში იბადება
ახალი ფიქრი....
...შენც იბადები....
სხვა თვეებში რომ
გადამიქრი!
ჩემი და შენი ვარდობისთვის
მიყვარს ნათება,
გუშინ თუ წვიმდა,
დაიწყება გამოდარება.
არავინ ქვეყნად
აღარ დამრჩა ასე მართალი,
მაისის თვეში,
უნდა ვნახო მე
სამართალი!
ასე დაღლილი,სევდიანი
მაინც ვერ ითმენს,
ჩემი მაისი, ჩემნაირად
დიდ ტკივილს იტევს.

среда, 17 апреля 2013 г.

ჩემს მეორე თიკოს...



მომლოდინე სახეს,
მეოცნებე თვალებს,
ფერმკრთალ ღიმილს ბაგის,
დაღლილს,ღამენათევს...
სითბოს მაწვდის როგორს,
საზრდოს,სულის ნათელს.
ტკივილს უმკლავდება.
როგორ უძლებს ამდენს?!
გაცრეცილი ფერი,
რომ შეჰყრია სახეს,
აღარ ლაპარაკობს,
მზერით ამბობს სათქმელს.
იასამნის სურნელს,
ეფერება ქარი...
როგორ მიყვარს,როგორ-
იშვიათი ქალი.
ამ სარკმლიდან ჭვრეტა
უძნელდება როგორ-
თავთუხისფერ წვიმას,
ისევ ისე გლოვობს.
რა ნატიფი სუნთქვით
მოკრძალებით ცდილობს....
ემსგავსება ძვირფასს
შექმნილ,სავსე ტილოს.
ნამისფერი სივრცე 
ეტმასნება წამებს,
განთიადი უყვარს,
ეომება ღამეს.
მზე სარკმლიდან უჭვრეტს,
გარეთ უხმობს თითქოს
უძვირფასესს,დაღლილს
ჩემს მეორე თიკოს.

пятница, 29 марта 2013 г.

გაურკვევლობა

ვიყავი მარტო
 და არა ერთი.
იცდიდა სხვაც და
გვიცდიდა ღმერთიც.
ვტიროდი მარტო
სხვაგან სხვა ჯავრობს
გავყვირი რატომ?!
პასუხს არ ჩქარობს
მიდის მზე დაბლა
ღრიალებს ქარი
ბოგინობს ზეცა
მიწაა მთვრალი.
ჩემსავით დარდობს
და უფრო მეტად...
უყვარდა მასაც
ხატავდა ღმერთად.
...გადარჩა გუშინ
ბებერი გვარი
და ახალგაზრდამ
გასწირა თავი.
გადაიარა ღრუბელსაც მიწვდა
ჰო.გაბოროტდა,შეცუხდა მიწა.
ვიყავი მარტო
და არა ერთი
ვტიროდით ყველა
ტიროდა ღმერთიც.

ჩემი გაცრეცილი პროზა....


უნდა დავკეცო ფრთები და უნდა გავხდე შენი.
უკვდავად ყოფნა მეყოს მომბეზრდა,
უნდა წავიდე ვევნო ცხოვრებას
და ვთქვა დამთავრდა,მე აღარ გელი!
უნდა დავიწყო მოკვდავად ყოფნა
უნდა შევიგრძნო სიცოცხლის მაჯისცემაც
უნდა გავერიდო ილუზიებს და
უნდა შევძლო შენი დავიწყებაც.
დრო უნდა შევიგრძნო და არა თვითონ
თავად  დრომ მომიღოს ბოლო
უკვდავად ყოფნა ძნელი ყოფილა
ითვლი უცოდველებს მხოლოდ.
უნდა სიკვდილივით წამში მოგეპარო,
ანდა სიცოცხლეში ისევ დავრჩე
გრძელ კაბას ჩავიცმევ,წასვლა დავაპირო?
შენ გთხოვ კაბის ბოლოს მომექაჩე.
უნდა დავკეცო ფრთები და უნდა გავხდე შენი
უკვდავად ყოფნა მეყოს,მომბეზრდა
არც შენ და არც სხვას
დღეს აღარ გელით.
უნდა ვაპატიო ჩემს თავს შეცდომები
ახალს გავერიდო ცოდვას
ჩურჩულითაც კი არ ვთქვა სათქმელი
მიჯობდეს მაინც მოცდა.
რა, "მაზოხიზმის ქარიშხალია"
ამ სიტყვებს ვისმენ თავიდან....
იცი?გაცრეცილი სიტყვა შემიყვარდა....
და შენი დავიწყებაც არ მინდა!.....
.......

ვის საკუთრებას შევეხე მითხარ!
ვისი მაცვია წითელი კაბა....
როგორც ქარიშხლის უძილო ღამეს,
ცრემლი იყო და მოგიყვე რაღა?

ვის სასწაულებს ვისმენდი გუშინ?
ვისი შემშურდა სულის ნათელი
ვის შევაქციე ზურგი მუხთალმა,
ან ვის ჩავუქრე რწმენის სანთელი?

რა გულმავიწყი ვყოფილვარ ალბათ....
იქნებ არ მახსოვს ცოდვა ფარული,
რაც სულმა შექმნა,რაც სულში იყო....
ან გულში მქონდა გადამალული.

უნდა განვსაჯო დღეს ჩემი თავი,
უნდა სამსჯავრო დაიწყოს ჩემი.
და თუ ცოდვების დამიწყვეს  დასტა,
გამომიწოდო იქნებ შენ ხელი.

მოწყალებას გთხოვ უფალო ჩემო,
შენ ერთმა იცი რა ხდება ჩემში,
არ მწამს დემონის გადაბირების
შენ ამიყვანე ცოდვილი ხელში.

ჩემი წითელი კაბა მიყვარდა....
აღარც კაბა სჩანს და აღარც ფერი...
უფალო შენი ცოდვილი მოველ
გამომიწოდე წყალობის ხელი

суббота, 2 февраля 2013 г.

"ცოტა ხანი"




 სიცოცხლე ცოტა ხანია,
ცოტა,გავლილი ხანი.
სიკვდილთან მისვლის ბილიკი,
ყოფილა მოკლე,ჩქარი.
სიცოცხლე სილამაზეა,
ბევრი ღვთიური წამით.
სიკვდილი ბობოქარია,
არავის ინდობს რამით.
უნდა იარო ცოცხალმა,
დათვლილად დროში კრძალვით,
ბედნიერების ძებნაში,
დღისით,მზისით და ღამით.
როცა იპოვი ძნელია
იწყო ლოდინი მალვით,
ამაყობ ძნელი დღეებით
და ძლიერი ხარ ამით.
სიცოცხლე უმეცარია,
...უკვდავი არ სჩანს ღამით.....
გაღმა გასასვლელ ბილიკებს,
ჩუმად გასწავლის,პარვით.
თუ ოდნავ გული ატკინე,
აღარც წარსულში გტოვებს.
მოსხეპავს სუნთქვის ბორკილებს,
დაამტვრევს ჭადრის რტოებს.
ვისთვის, რომ აღმა ბილიკზე
დაუძრახიათ მოსვლა,
სიკვდილმა სილამაზეში
ყველა ადგილი მოსრა.
მაინც როგორი ტკბილია,
და თან როგორი მწარეც...
ზოგისთვის აღმაფრენაა,
ზოგისთვის კლდე-ღრე,დამრეც.
სიცოცხლე ცოტა ხანია,
ცოტა გავლილი ხანი.
როგორ არ მინდა მესმოდეს
სიკვდილის უღვთო ჩქამი.

ო, რა უცნაური გავხდი



ო, რა უცნაური გავხდი,
უცებ გამისხვისდა ენა,
სულ სხვა ოცნებებით ვცხოვრობ,
ახლა სხვა ვიღაცის მჯერა.

ო, რა უცნაური გავხდი,
თქვენიც დამჭირდება შველა,
იქნებ ცხოვრებისგან დაღლილს,
გზებიც ამერია ყველა.

იქნებ შენი არის ბრალი,
შენი შეიცვალა მზერა?
იქნებ ამირიე კვალი,
მე კი,ვერ მივმხვდარვარ ჯერაც.

ო, რა უცნაური გავხდი,
როგორ "დამერია" ყველა,
მაინც მოციქულად დავრჩი,
მაინც სიყვარულის მჯერა!