суббота, 29 сентября 2012 г.

მხოლოდ ერთხელ მოდი...


უნდა მოვიწყინო შენი სიყვარულით,
უნდა ცრემლიანმა, ვეღარ გავიხარო.
სულ არ მითხოვია თავის შეცოდება,
არ მინდა მოხვიდე და თავი დამიხარო.

მე არ მითხოვია ჩემი დატირებაც...
უნდა დღეებიც კი ჩქარა დავითვალო,
მაინც უშენობის სევდა მქვია და
მოდი!-იქნებ სუნთქვაც დამიმთავრო.

მელანქოლიების უხვი შეძახილით,
ჩუმი ჩქამებით ვთქვი იქნებ დავიღალო?
სასაცილოც კი ვარ,იქნებ?- არც კი ვიცი.....
უნდოდ მომახალე ო რა ავი ხარო!

მოსაბეზრებელი გამხდარა სამყარო,
ისევ გეხვეწები გზები გამიკვალო,
პატარა სიყვარულს ვერაფერს ვუშველი,
ცოდვის ბუნაგიდან იქნებ გამიყვანო?!

რა ციცქნა ფიქრია სულის სამოთხიდან...
არ მიყვარს წარსულის ფერები დავითვალო,
როგორ მედიდური მოდი...არ მადარდებს,
არ მინდა სხვებივით თავი დამიხარო!

დღეს მე მოვიწყინე შენი მონატრებით,
იქნებ ხვალაც ბევრი ვეღარ გავიხარო,
მაინც მირჩევნია ღვთიურ  სიყვარულის
ლამაზი დღეები  ერთად დავითვალოთ.

იცი? -რა მწირეა ყველა ეს სიტყვები?
ჩემი სულის მწუხრი,დარდი  დიდი ხარო...
მე ხომ უშენობის სევდა მქვია და,
მხოლოდ ერთხელ მოდი, სუნთქვა დამიმთავრო.




понедельник, 24 сентября 2012 г.

შენ!- რომ........

შენ რომ გამხელილი გერქვა სიმარტოვე
შენ რომ ოღრო- ჩოღრო გზებზე არც გივლია,
შენ რომ ადექი და მიმატოვე
იმ დღიდან წუთებიც დამითვლია.

შენ რომ იძახოდი იმ კუთხის ბოლოში,
რომ ვერ გააგონე კაცთაგანს ვინმეს,
რომ დაჩიავდი და პატარა გული
დაჩაგრე,მოსრე,სულიც კი ივნე.

შენ რომ გარეწარი ფიქრები გტანჯავდნენ
მაშინ ამოსულა ჩუმად მთვარე ცაზე,
ახლა მოსდგომია ჩემს ფანჯარას და 
მაფიქრებს შენსავით ცოცხალზეც,მკვდარზეც.

შენი გაზაფხული უფრო თბილი იყო.
ზამთარსაც დავუგე წითელი ხალიჩა.
მაინც გამხელილი გერქვა სიმარტოვე,
რადგან მომავალმა ოცნებაც  წამგლიჯა.

........................

დახურულია ჩემთვის სამოთხე,
დახურულია ყველა დარაბა,
მოვიდა მწუხრი,ტკივილი სულის
სიცოცხლის მრწამსი უცებ წამართვა.

როგორაც იყო, მიყვარდა ისე....
მაშინ თრთებოდა სუნთქვა ეული....
ვიყავი ერთი,მე ერთადერთი,
მეგონა ვიყავ გამორჩეული.

რას გავუგებდი წუწუნა ქალებს,
ხან  სევდა ჰქონდათ და ხან ვედრება,
ვხუჭავდი დარდზე უთუოდ თვალებს....
...უნდა ვისმინო დღეს დაყვედრება:


დახურულია ჩემთვის სამოთხე,
დახურულია ყველა დარაბა,
მოვიდა მწუხრი,ტკივილი სულის
სიცოცხლის მრწამსი უცებ წამართვა.





пятница, 7 сентября 2012 г.

არ დაიტირო წარსული,გზა გააგრძელე ხევშიც
თორემ დრო გაგატიალებს,არას შეგარჩენს ხელში.

არ მოითხოვო რაც შენად მიგაჩნდა მუდამ გუშინ,
თორემ ტკივილი დაგმარხავს,დიდ ღრმულს გაგიჩენს გულში.

არ დათმო ის,რაც სულს ეკვრის და უკვდავებას ხელყოფს
დაჯერდი იმას რაცა გაქვს, მედიდურობა გეყოს!

არ დაიქადნო არასდროს,რომ შეგიძლია ბრძოლა
თორემ სიკვდილი ისეთი დიდი მახვილით მოვა,

აღარ დაგაცდის ორ სიტყვას,წუთში დახუჭავს თვალებს,
მერე ეომე რამდენიც გინდა,- უსუსურ ქარებს.

არა და არა! არა ხარ შენ მაცდური და მხდალი
სხვაგვარად გამოიტირე შენი ცოცხალიც,მკვდარიც

უცრემლო სევდა გიმონებს,სუსხი ატყვია სახეს
ქარი სხვაგვარი განწყობით,სხვებთა ოცნებებს არხევს.

იქნებ დაღლილი მოდი,გაგაძლიერა ღმერთმა
აღარ გაბედო სევდა!-უნდა სიმტკიცე გერქვას!

რა ადვილია ალბათ,სხვებს დაუმოძღვრო გზები,
სუსტი შემოვრჩი გრძნობებსმდა ამას, ახლა ვხვდები.

სიცარიელე


დრო და ბედისწერა მეგობრები არიან...
ერთხელაც საქმე რომ გამოელიათ,დაჯდნენ და ერთად შეძერწეს სიცარიელე.
ადამინებს თითქოსდა საზრუნავი და საფიქრალი ცოტა ჰქონდათ.-ამითაც დასაჯეს.
 თუმცა, ამოუცნობი არსებები, შეეჩვივნენ სიცარიელის არსებობას.ზოგმა სულშიც კი გაამეფა ეს მოულოდნელად შეთითხნილი "არაფერი."
        უფალთან თავის მართლება დაიწყო ბედისწერამ:ეს ის წამალია, სიკვდილს,რომ უკან რჩებაო.დრომაც დაუდასტურა: ადამიანებს სჭირდებათ სიცარიელე,ერთმანეთის სიყვარული უკეთ რომ შეძლონო.....

             .... რაღაც გქონდა,ვიღაც გყავდა.მერე უცებ დრო მოვიდა,ის რაღაც გაქრა.
ბედისწერამაც არ დააყოვნა და ის ვიღაც წაიყვანა.დარჩა სიცარიელე,რომლის შევსებაც  ბევრჯერ გვიცდია სხვადასხვა ხერხებით.სიცარიელე,რომელიც ზოგჯერ ყველაზე დიდი მტერია ადამიანის!!!


იყო და არა იყოს პრინციპი გამეფდა ცხოვრებაში.დროებითობა გვახსენებს თავს ძალიან ხშირად.ამაოების ფენომენი  იყო,არის და იქნება მეფე,რომელსაც ხშირად 
ვხვდებით სიცოცხლის შუა გზაზე ან ბოლოში მაინც....


  უფალმა რა უთხრა დროს და ბედისწერას ასე თვითნებურად რომ შექმნეს არარსებული სასჯელი კაცთა მოდგმისთვის?- ეს უკვე არ ვიცი...
სიცარიელე სიყვარულს ხომ ვერ ქმნის.სიყვარული ყველაზე პირველი დაიბადა
და თუ ის არ არსებობს გონებასა და გულში,სიცარიელეს როგორ შეუძლია შექმნას?
               უმეცარი დროისა და უკუღმართი ბედისცერის ხელწერაა სიცარიელე,რომელიც  სიყვარულს კი ვერა,მაგრამ ტკივილს კი გვიტოვებს სამუდამოს.მთელი ცხოვრება როგორ უნდა ვისუნთქოთ ამ ტკივილით ღმერთო?!

четверг, 6 сентября 2012 г.

ერთადერთი ქალი

  
  შუაღამეში, ქარში,დარდში,უკუნეთში დამდგარი,
 გაცრეცილი, თეთრი კაბით ამ ცხოვრებას ანათებს.
განთიადზე მიდის სახლში სიბნელისგან დამფრთხალი,
ბედისწერა უღვთოდ მოდის და უგორებს კამათელს.

როგორ ურცხვად შემოძარცვა ქარმა თეთრი სამოსი,
ჭაღარა თმებს კრძალვით დაწნულს ხელი როგორ შეახო,
დემონების ხროვას როგორ გაუწოდა სიკეთე,
ბნელი გზები ასე ლაღად,როგორ,როგორ შეაქო.

განწირული ჩუმი ფიქრით და იმედით გამთბარი,
არ უჩივის ქარს და ნიავს,არის ცოტა დამფრთხალი.
მისი თეთრი კაბის ბოლო შემოდგომამ იპოვა,
სულის შიშველს რა შემოსავს?...-მოწყალება ითხოვა.

შუაღამეში სიბრალულით,უკუნეთში დამდგარი,
თეთრ კაბა შემოძარცვული,შინაგანად გამთბარი.
...როგორ მინდა მეც გავიგო,ვის ელოდა ეული...
ყველასაგან გარიყული,უფალს უყვარს რჩეული.

ახლა დიდი დრო გავიდა,დამეძაბა გონება
მეც მომინდა იმ ქალივით ,ქარში განმარტოვება.
იქნებ მისი დარდი იყო დროსთან გამოთხოვება?
ერთადერთი ქალი იყო,ვისიც ღირდა ცხოვრება.